AWH.GE – Adjarian Wine House
Porto-Franko

Porto-Franko

  პორტო-ფრანკო ჩვენი გამორჩეული პროდუქტია.
იგი მზადდება აჭარის მაღალმთიან რაიონში გავრცელებული ჩხავერის ჯიშის ყურძნისაგან.

ჩხავერი — ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით.

ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის, ხშირად ფრთიანიც, მეჩხერი ან საშუალო სიმკვრივის. მტევნის საშუალო წონა 95-125 გრამია, დიდი მტევნის წონა კი 252 გრამი. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში.

შაქრიანობა – 20-21%, წვენის გამოსავლიანობა – 77,4%, საერთო მჟავიანობა – 8,1-9,6%. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.

ჩხავერი საგვიანო პერიოდისაა. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში, (უფრო მესამე დეკადაში). იშვიათად დეკემბერშიც კი კრეფდნენ. საშუალო მოსავლიანია, ახასიათებს მერყევი მოსავლიანობა, განსაკუთრებით, მაღლარებზე. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 55-დან 80 ცენტნერამდეა. აღმოსავლეთ საქართველოში ჩხავერი ერთი თვით ადრე მწიფდება და უფრო მეტი შაქრიანობით ხასიათდება. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება დაუჭკნობლად.

ჯიში ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი, განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით და ნაცრით. ასევე, ფილოქსერის მიმართ სუსტად გამძლეა. მასზე საკმაოდ მოქმედებს ეკოლოგიური პირობებიც.

XIX საუკუნემდე მასიურად იყო გავრცელებული მაღლარების სახით თითქმის მთელ გურიაში, აგრეთვე, აჭარაში, იმერეთში, მოგვიანებით, აფხაზეთშიც. გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი განსაკუთრებით გამორჩეულია, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში. ყველა ავტორიტეტული ამპელოგრაფი ჩხავერს გურიის ჯიშად თვლის. თუმცა, აჭარის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ნამდვილი ჩხავერი აჭარულია და გურულებმა აქედან წაიღეს. დღესდღეობით აჭარაში ჩხავერი საკმაოდ კარგად არის გავრცელებული.

ღვინო ძირითადად ღია ვარდისფერია. ჩხავერისგან, გარდა სუფრის მშრალი ღვინისა, შეიძლება დაყენდეს ნახევრდატკბილი სუფრის ღვინო. ჩხავერის ნახევრადტკბილ ღვინო საქართველოში 1934 წლიდან იწარმოებოდა. მას სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე მიღებული აქვს 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. ასევე მზადდებოდა ბუნებრივი ცქრიალა ღვინო „ჩხავერი“. ჩხავერი სტალინის ერთ-ერთი საყვარელი ღვინო იყო. ამის გამო 1929 წელს შეიქმნა სპეციალიზებული სპეციალიზირებული საბჭოთა მეურნეობა ბახვში და საჭამიასერში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *